საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ნიკოლოზ კვეკვესკირი კარიერს უნგრულ „ჰონვედში“ გააგრძელებს. ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ფეხბურთელი და კლუბი ჯერჯერობით სიტყვიერად შეთანხმდნენ, კონტრაქტის დეტალებს კი უახლოეს დღეებში დააზუსტებენ.
„ჰონვედი“ უნგრეთში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კლუბია, რომელმაც სხვადასხვა წლებში არაერთ წარმატებას მიაღწია. ბუდაპეშტის გუნდს ქვეყნის ჩემპიონობა 14-ჯერ აქვს მოპოვებული. კვეკვესკირის ახალ კლუბს ახლა კარგი პერიოდი არ უდგას. „ჰონვედი“ 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 2 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, ბოლოს ის ჯაბა კანკავასთან ერთად ყაზახურ „ტობოლში“ თამაშობდა. ორივე ფეხბურთელმა კლუბი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. კანკავამ საფრანგეთის ლიგა 2-ში, „ვალანსიანში“ ამჯობინა წასვლა, ნიკამ კი უნგრეთი არჩია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველის ახალი კლუბი ბუდაპეშტის „ჰონვედი“ იქნება.